საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დიანა ძიძიგური: „მიკროსკოპით დანახული სამყარო ყველაზე დიდი საოცრებაა...“

„რა გონმა შექმნა ეს უნიკალური სტრუქტურა - სიცოცხლის ელემენტარული, ერთეული უჯრედი, რომლის კვლევის 200-ზე მეტ წლიანი ისტორიის  მიუხედავად, დღემდე მასში არსებული სტრუქტურების და სასიცოცხლო პროცესების მართვის საიდუმლოებები  ამოუცნობი და ამოუწურავია მკვლევარებისთვის?“ - ამ კითხვას თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი, ბიოლოგი, დიანა ძიძიგური  ყოველდღიურად უსვამს საკუთარ თავს.

 

პროფესორი უჯრედით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა. ლაბორატორიებში, ქიმიური ცდებსა და  ნორჩ ტექნიკოსთა სახლში გატარებული წლების შემდეგ,  ზუსტად იცოდა, რომ მომავალს მეცნიერებას დაუკავშირებდა.

 

„სკოლაში (ილია ჭავჭვაძის სახ. თბილისის 23-ე სკოლა) სწავლის დროს, უკვე მე-7 კლასში  ჩემთვის გამოიკვეთა, რომ  ქიმია და ბიოლოგია განსაკუთრებით მაინტერესებდა. ეს, რასაკვირველია, დიდწილად განაპირობა ამ საგნების პედაგოგთა პიროვნულმა და პროფესიულმა თვისებებმა.  სკოლაში გვქონდა ძალიან კარგად მოწყობილი ლაბორატორიები. ქიმიის გაკვეთილზე თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად ატარებდა პატარა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო ცდებს. მე-9 კლასიდან ქიმიის მასწავლებლის, ქალბატონ კლარას უნგიაძის რჩევით დავიწყე სიარული ნორჩ ტექნიკოსთა სახლში, სადაც  უკვე უფრო რთული ცდების ჩატარებას ვსწავლობდი.“

 

დიანა ძიძიგურს გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირდა, აინტერესებდა ბიოლოგიაც და ქიმიაც. თუმცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე შედარებით ახალი კათედრა - ბიოქიმია არსებობდა. ამან შესაძლებლობა მისცა ორივე საგანი ღრმად შეესწავლა.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიენიჭა. საკანდიდატო დისერტაცია მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის განხრით დაიცვა. სწავლობდა რნმ (რიბონუკლეინის მჟავა)-ის სინთეზის მარეგულირებელ ბუნებრივ ფაქტორებს ინ ვიტრო სისტემაში.

 

„შემდგომ მივხვდი, რომ გაცილებით უფრო სიღრმისეული იქნებოდა ჩემი ცოდნა და  კვლევები შედეგიანი, თუ შევძლებდი ამ პროცესზე დაკვირვებას ინ ვივო სისტემაშიც. დავიწყე კვლევა მორფოლოგიური მეთოდებით, ანუ პროცესზე დაკვირვება მიკროსკოპში.

 

ამ მიზნით,  ჩემ თანაკურსელთან და კოლეგასთან, პროფესორ პავლე ჭელიძესთან ერთად შევარჩიეთ შესაბამისი შიდაუჯრედულ სტრუქტურები: ბირთვი და ბირთვაკები.  რასაკვირველია, ჩვენ გვერდით იყო ჩვენი პედაგოგი  პროფესორი გრიგოლ თუმანიშვილიც.“

 

ერთობლივი კვლევებით დიანა ძიძიგურმა და მისმა კოლეგებმა სხვადასხვა ტიპის ბირთვაკების იზოლირება და მათი ფუნქციური აქტიურობის შეფასება შეძლეს. კვლევის შედეგები, სტატიის სახით, საერთაშორისო ჟურნალ „EPITHELIAL CELL TISSUE RESEARCH”-ში გამოქვეყნდა.  ნიუ-იორკის აკადემიის გადაწყვეტილებით  სტატია მსოფლიოს 40 ქვეყანაში გაიგზავნა. სულ მალე კი, დიანა ძიძიგური ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა.  

 

„ამ აკადემიის წევრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან, ეს მოხდა  იმ პერიოდში, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი   და საქართველოში, როგორც ყველა სხვა რესპუბლიკაში, იყო უმძიმესი მდგომარეობა (ხშირად არ გვქონდა სინათლე, ციოდა, არ მოძრაობდა ტრანსპორტი და ა. შ.). ამ ისტორიებს ხშირად ვუამბობ  ჩემს სტუდენტებს,  იმ მიზნით, რომ  არასოდეს დაივიწყონ: ადამიანს თუ უყვარს საქმე, რომელსაც ემსახურება, არ უნდა შეაშინოს სიძნელეებმა და შრომა აუცილებლად დაუფასდება.“

 

ბიოლოგიაში, მედიცინასა და ქიმიაში უდიდესი გარდატეხა  მე-20 საუკუნის 50-იან წლებში იწყება, მაშინ  როდესაც ამერიკელმა მეცნიერმა პოლ ბერგმა  პირველი რეკომბინანტული დნმ მიიღო. ამ მოვლენებმა საფუძველი ჩაუყარა გენურ ინჟინერიას. განვითარდა დარგის ახალი მიმართულებები, მაგალითად ბიოტექნოლოგია და გამოყენებითი ბიომეცნიერებები.  დიანა ძიძიგური, რომელიც უკვე 50 წელია მსოფლიო მეცნიერებთან ერთად აქტიურად აკვირდება დარგის განვითარებას, თავის განსაკუთრებულ მოგონებებს გვიზიარებს.

 

„ყველა ადამიანს აქვს ბევრი მოგონება. მუდამ მახსოვს და ბედნიერი ვარ, რომ მქონდა საშუალება მესწავლა და მემუშავა ისეთი დიდი ადამიანის გვერდით, როგორიც გახლდათ პროფესორი გრიგოლ თუმანიშვილი. მახსოვს უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც ერთად ვიმყოფებოდით გერმანიის ქალაქ კიოლნში, რეგენერაციის პრობლემების შემსწავლელ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც  ჩემი მასწავლებელი დასახელებული იყო რეგენერაციის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტად. იმდენად ამაყი ვიყავი და დიდი იყო ჩემი სიხარული, თავს უფლება მივეცი და ავიღე ვალდებულება, რომ შემდეგი კონფერენცია საქართველოში ჩაგვეტარებინა. ამ კონფერენციის თბილისში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დარგში მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მეცნიერი  ერთად ეწვია საქართველოს. გაიცნეს ჩვენი სკოლის წარმომადგენლები და კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა შეიქმნა. ჩვენმა სტუდენტებმა და სამეცნიერო საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ კონფერენციის მუშაობაში. ეს ყველაფერი ახლად გამოყოფილ რესპუბლიკაში მოხდა.“

 

წარმატება, რომლითაც დიანა ძიძიგური  განსაკუთრებით ამაყობს და სიხარულით იხსენებს, პროფესორ გრიგოლ თუმანიშვილის მეცნიერული ჰიპოთეზის დამტკიცებას უკავშირდება.

 

„ჩემს ახალგაზრდა კოლეგასთან (ასოც. პროფ. ი. მოდებაძე) ერთად შევძელით დაგვემტკიცებინა ჩვენი მასწავლებლის გრიგოლ თუმანიშვილის მიერ გამოთქმული მეცნიერული ჰიპოთეზა, რომელიც თავის დროზე, შეიძლება ითქვას კორექტულად, მაგრამ მაინც იყო სხვათა მიერ უარყოფილი. კერძოდ, ჰორმონული დისბალანსის ექსპერიმენტულ მოდელზე ზრდასრული ცხოველების ღვიძლში შევძელით უჯრედების ისეთი პოპულაციის (G2-0 პოპულაცია) არსებობის დამტკიცება, რომელთა არსებობაზეც მხოლოდ თეორიული მოსაზრება იყო გამოთქმული. მათი არსებობა იმას ამტკიცებს, რომ ჩვენ უჯრედებში გენეტიკურად დეტერმინირებული პროცესები, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ორგანიზმის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე  წარმოჩინდეს.

 

დიანა ძიძიგურის ერთი სამუშაო დღე უნივერსიტეტის ლაბორატორიაში სტუდენტებისა და კოლეგების გარემოცვაში გადის. ყოველდღიურად ცდილობს ერთ მნიშვნელოვან კითხვას მაინც გასცეს პასუხი. მისი დღის განსაკუთრებული ნაწილი კი  მიკროსკოპით დანახულ უჯრედებს უკავშირდება.

 

„მიკროსკოპით დანახული სამყარო ყველაზე დიდი საოცრებაა. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ ვფარავ აღტაცებას ყოველთვის, როდესაც კიდევ ერთი უჯრედის გაყოფის პროცესს ვაკვირდები მიკროსკოპში. ერთი და იგივე პროცესი ქრომოსომების დრეიფი (ვხედავთ მიტოზური ფიგურების სახით) ვიზუალურად აუცილებლად განსხვავდება ყველა მანამდე  ნანახისაგან და ის  ნამდვილი საოცრებაა.“            

თარიღი: 15/04/2021